ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი ეხმიანება გუშინ, საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის მიერ ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, რამაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
მისი შეფასებით, სამართალდამცავების ასეთი საქციელი “არავითარ ნორმაში არ ჯდება”.
“სასამართლოსთან კედელზე ასულ ოპერატორებს პოლიციელები რომ ექაჩებოდნენ ფეხზე, ასეთ დროს ხომ უეჭველად იცი, ეს ადამიანი ჩამოვარდნისა და დაზიანებისთვის არის განწირული. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ ასეთ დროს რთულია წონასწორობის შენარჩუნება, თუმცა მძიმე კამერასთან ერთად ამის გაკეთება, უბრალოდ შეუძლებელია.
პოლიციელის ასეთი საქციელი არავითარ ნორმაში არ ჯდება, მით უმეტეს, რომ ეს ბიჭები საფრთხეს არ წამოადგენდნენ, შესაბამისად, არც აუცილებლობა არსებობდა და მით უმეტეს, არც თანაზომიერი საქციელი იყო. წიწაკის სპრეიზე რომ კიდევ გამართლება შეიძლება მოუძებნონ, ამას არავითარი გამართლება არ ჰქონდა. უბრალოდ ძალიან ბოროტი უნდა იყო, ადამიანი ასეთ საფრთხეში რომ ჩააგდო არაფრის გამო”,– წერს სიმონიშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ “წიწაკის სპრეი” გამოიყენა, რა დროსაც დაშავდა ტელეკომპანია “კავკასიის” ერთი ოპერატორი, ერთის ჯანმრთელობას კი საფრთხე შეექმნა.
“კავკასიამ” ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან მოითხოვა:
- პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის სავარაუდოდ უკანონო გამოყენებისა და ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რასაც ტელეკომპანიის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
- ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო გამოძიება დაიწყოს საქართველოს პროკურატურამ და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
- ყველა იმ ფაქტზე, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა წარმოადგენს აშკარა უხეშ დისცილინურ გადაცდომას, შსს-ს გენერალურ ინსპექციისგან მოვითხოვთ პოლიციელთა მიმართ დაიწყოს დისციპლინური წარმოება და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება
- მოხდეს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება სახელით და გვარით, ვინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანია კავკასიის ვიდეოოპერატორს, ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში და საფრთხეში ჩააგდო მათი სიცოცხლე”,– ვკითხულობთ TV კავკასიის განცხადებაში.