ტელეკომპანია “კავკასიის” განცხადება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ “წიწაკის სპრეი” გამოიყენა, რა დროსაც დაშავდა ტელეკომპანია “კავკასიის” ერთი ოპერატორი, ერთის ჯანმრთელობას კი საფრთხე შეექმნა.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით “კავკასია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაზიანდა ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორი, ნიკოლოზ კოკაია. მან გადაღებისას გონება დაკარგა. მიზეზი გახდა ახლო დისტანციიდან ე.წ. “წიწაკის სპრეის“ შესხმა. გონების დაკარგვამდე ოპერატორს კამერა ჩართული ჰქონდა და კამერის ლინზაზე ცხადად ჩანს შხეფები.

ასევე, მეორე ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ახლო დისტანციაზე ასხამს აქციის მონაწილეების, მათ შორის ჩვენი ოპერატორის მიმართულებით სითხეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოგვიანებით, იმავე აქციაზე მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რისი კვალიც მას სხეულზე აღენიშნება. ჩვენ მიერ ეს პოლიციელი იდენტიფიცირებულია ვიდეოკადრებზე.

ამავე აქციაზე პოლიციელების მხრიდან საფრთხე შეექმნა ტელეკომპანია “კავკასიის” კიდევ ერთ ოპერატორს, გივი მჭედლიშვილს. ის აქციის გადასაღებად ავიდა ქვის მაღალ კედელზე. ერთ–ერთმა პოლიციელმა სცადა არა მხოლოდ მისთვის ხელშეშლა გადაღებაში, არამედ კედლიდან მისი ჩამოგდება, რითაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ზემოთმოყვანილი ფაქტები გადაღებულია ვიდეოკამერით და მოძალადე პოლიციელი ვიზუალურად იდენტიფიცირებულია. მოვითხოვთ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან:

  1. პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის სავარაუდოდ უკანონო გამოყენებისა და ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რასაც ტელეკომპანიის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
  2. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო გამოძიება დაიწყოს საქართველოს პროკურატურამ და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
  3. ყველა იმ ფაქტზე, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა წარმოადგენს აშკარა უხეშ დისცილინურ გადაცდომას, შსს-ს გენერალურ ინსპექციისგან მოვითხოვთ პოლიციელთა მიმართ დაიწყოს დისციპლინური წარმოება და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება
  4. მოხდეს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება სახელით და გვარით, ვინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანია კავკასიის ვიდეოოპერატორს, ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში და საფრთხეში ჩააგდო მათი სიცოცხლე”,– ვკითხულობთ TV კავკასიის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომის პარალელურად, ენმ-ს მხარდამჭერები სასამართლოს წინ შეიკრიბნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, აქცია “გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს”, რის გამოც 15 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.