საქართველო საგარეო-საშინაო კურსს დამოუკიდებლად განსაზღვრავს – ნოზაძე პარტნიორებს

ფრაქცია ,,ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარ საშინაო და საგარეო კურსს თვითონ განსაზღვრავს.

მისი თქმით, პარტნიორები, რომლებიც საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, თავიანთ ქვეყანაში მართლმსაჯულებაზე ზეგავლენას არ მოახდენდნენ.

“როგორი სათქმელია ახლა რომელი ელჩის მიერ, რომ მიუთითოს პარლამენტს, რომ შენ მართლმსაჯულებაზე მოახდინე ზემოქმედება და გამოაშვებინე ესა და ეს პიროვნება. ისინი თავიანთ ქვეყნებში ამას გააკეთებენ? მათი ქვეყნის პარლამენტები, კონგრესები, სეიმები ამას, რა თქმა უნდა, არ გააკეთებენ.

მივეჩვიოთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არის, მის საგარეო პოლიტიკურ კურსსაც ის განსაზღვრავს, საშინაო პოლიტიკურ კურსაც ის დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მაგრამ განსაზღვრავს მეგობრებთან ერთად და მეგობრების მხარდაჭერის იმედით. და არა ის, რომ მის საშინაო საქმეებში ვინმე ჩაერიოს”, — განაცხადა ნოზაძემ.

საქართველოს მთავრობას ბოლო დღეებში არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, რომელიც, მათი თქმით, 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო.