გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები! – ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას

ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი 8 მარტის შეთანხმების საკითხს ეხმიანება და მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.

,,ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში მივესალმეთ 8 მარტის შეთანხმებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური პატიმრების არგათავისუფლება ნიშნავს შეთანხმების ჩაშლას და უსამართლო არჩევნებს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!”,- წერს ჰალიცკი ტვიტერზე.

13 მაისს განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმაც. მისი თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია.

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები იყვნენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, ამიტომ ძალიან უკმაყოფილია ,,ქართული ოცნების” პოზიციით.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა კონ კრამონიმ თქვა, რომ კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება ქართულ ოცნებას არასანდო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

,,ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.