რუსეთში ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ისევ ეცემა. სახელმწიფო ВЦИОМ-ის ბოლო კვლევით, პრეზიდენტის საქმიანობის მოწონება ერთ კვირაში 3,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა — 70,4%-დან 66,9%-მდე. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.
პუტინის რეიტინგის შემცირებას აფიქსირებენ სხვა სოციოლოგიური სამსახურებიც — ФОМ-ი და „ლევადა-ცენტრი“. მათი მონაცემებითაც, პრეზიდენტის მხარდაჭერა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულებს უახლოვდება.
სოციოლოგები და პოლიტოლოგები რეიტინგების ვარდნას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ: ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ფასების ზრდას, საწვავის პრობლემებს, ინტერნეტის შეზღუდვებს და უკრაინის გახშირებულ საჰაერო დარტყმებს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვზე.
ამ ფონზე რუსულ საზოგადოებაში შფოთვის დონეც იზრდება. ФОМ-ის მონაცემებით, რუსების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მათ გარშემო — ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებს შორის — შფოთვით განწყობა ჭარბობს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2022 წლის შემოდგომაზე, ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაფიქსირდა.
ექსპერტები მაინც არ ელიან, რომ რეიტინგების ვარდნა პირდაპირ აისახება სექტემბერში დაგეგმილ სახელმწიფო დუმის არჩევნებზე. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააძლიერა ადმინისტრაციული კონტროლი არჩევნებზე, შეზღუდა დამკვირვებლების შესაძლებლობები და გაამკაცრა ოპოზიციური კანდიდატების მონაწილეობა.
პოლიტოლოგების აზრით, კრემლი ამ ეტაპზე ვითარებას კრიტიკულად არ მიიჩნევს. თუმცა ეკონომიკური პრობლემებისა და ომის შედეგების გაღრმავების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უკმაყოფილება და ელიტებში არსებული დაპირისპირებები შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.















