უკრაინის შემდეგ თუ ბრძანება იქნება, 6 წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია – კადიროვი პოლონეთს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პოლონეთს ემუქრება და რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ის მოუწოდებს პოლონეთს, “დაქირავებულები” უკრაინიდან გაიყვანოს.

“უკრაინა დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. რას აპირებს პოლონეთი? უკრაინის შემდეგ თუ ბრძანება იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რისი უნარი გვაქვს. სჯობს წაიღოთ თქვენი იარაღი და დაქირავებულები, ვითხოვთ ოფიციალურ ბოდიშს ჩვენი ელჩისთვის. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, გაითვალისწინეთ “, – იმუქრება კადიროვი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, 9 მაისს ვარშავაში, საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ​​წითელი საღებავი შეასხეს.  ამ მიზეზით 11 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს პოლონეთის ელჩი რუსეთში. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთმა უხეშად დაარღვია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია, რადგან არ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება – არ უზრუნველყო რუსი დიპლომატის ხელშეუხებლობა, ამიტომ მათ ოფიციალური ბოდიში უნდა მოიხადონ.