ამომრჩეველს, ღარიბაშვილის მსგავსად, მამუკა მდინარაძეც ენმ-ს დაშლას ჰპირდება

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერიმ მამუკა მდინარაძე საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “დაიშლება”. მისი თქმით, ენმ ისედაც “დაშლის პირასაა”.

“საოგადოებამ და თქვენც, ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ, დაახლოებით, 60 პროცენტიანი რეიტინგი დაიჭიროს ამ არჩევნებზე, ამისათვის საჭიროა ყველა მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, ეს პროცენტი იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამ შემთხვევაში, გაცილებით დაბალი იქნება, სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური, მავნებელი პარტიის საარჩევნო შედეგი და გაძლევთ პირობას, რომ ნაცმოძრაობა, რომელიც ისედაც დაშლის პირასაა და ისინი წკიპზე არიან, ელოდებიან არჩევნებს — საბოლოოდ დაიშლება და მართლაც, ახალ და ჯანსაღ ძალებს გაეხსნებათ გზა პოლიტიკურ ასპარეზზე. ოპონირება იქნება უფრო საქმიანი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე”, — განაცხადა მდინარაძემ.

ენმ–ს “გაუქმების” დაპირება გასცა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მან დღეს ფეისბუქზე დაწერა, რომ “ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!”.

საპარლამენტო არჩევნები 3 დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება