პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეხმიანება თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ჟურნალისტებზე ძალადობას და მოუწოდებს პუტინისტურ ჯგუფებს, “იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”.
ის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ მედიის წარმომადგენლების ძალადობისგან დაცვას, მხარდაჭერას უცხადებს.
“დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა!”,– წერს კუჭავა.
ცნობისთვის, ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულას ჟურნალისტს, თავში კეტი ჩაარტყეს ტაბულას ჟურნალისტს, სცემეს TV პირველის ოპერატორს და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.