საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის საგარეოს განცხადებას პასუხობს. ოკუპანტის ქვეყნის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.
ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეეცადა მორიგი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვას ე.წ. ახალი რეალობისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს ახსენებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო სამართალი ერთიანია რუსეთის აგრესიული ქმედებების, ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის პირისპირ.
“წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი სახელი დაარქვა 2008 წლის აგვისტოს ომს და დაადგინა სამართლებრივი ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფო, პასუხისმგებელია უშუალოდ ომის დროს და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ეთნიკური წმენდის განხორციელებაში და ხაზი გაუსვა მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მიერ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას.
ამ ფონზე, ცინიკური და სრულიად მიუღებელია სოციალურ მედიაში რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი, რადგან რუსეთმა, სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია, სამხრეთ კავკასიაში მიწების მიტაცება და სამწუხაროა რომ საუკუნეების შემდეგაც რუსეთის მიზნად სხვისი ტერიტორიების ანექსია რჩება”,– წერია საგარეოს განცხადებაში.
მათივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დგას, არავინ შეეგუება რუსეთის მიერ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მორყევასა და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მოსკოვის მიერ.
“თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვა.
შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის სწორედ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.