საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფსაც აგრესიულად დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჟურნალისტს ერთ–ერთი ადგილობრივი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან გუშინ, “მთავარის” გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმაზე კითხვა დაუსვა.
მან გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური თავდასხმაც დააპირა, თუმცა ამის საშუალება თავისმა შვილმა არ მისცა.
“წადით აქედან სანამ კარგად ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმას რომ დასდევთ, იმ მოღალატეს [ივერი მელაშვილს], დავით გარეჯზე ვინც ის თქვა… იმის… არაფრის გარკვევა არ გვინდა ჩვენ, თქვენი ტელევიზიებია ის ფორმულა და ისინი, აჭრელებული რომ გაქვთ… ბოზ##ი. წადით ამ სოფლიდან, თორემ თავებს წაგაჭრით. თქვენ ა##ვრებო, მშობლებით არ გყავთ, წინაპრები?!“, – უთხრა ადგილობრივმა ჟურნალისტს.
ინციდენტის ამსახველ ვიდეოს “ფორმულა” ავრცელებს:
ცნობისთვის, 4 მაისს დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები და ადგილობრივები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაამტვრიეს ტელევიზიის აპარატურა.
შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.