ხელოვნების მუზეუმიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები, სანამ ამ ძეგლს აღვადგენთ – წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატები უნდა გაიტანონ დაცულ ადგილას, ვიდრე ძეგლს არ აღადგენენ.

“ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად ამ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და იგივე ექსპონატები დაბრუნდება. ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. ეს შენობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის მანძილზე არავინ შეხებია და სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე მდგომარეობაში და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო. 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ.

წელს დანიშნულია შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი, ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან გამოცდილი კონსტრუქტორი გიგლა ჭანუყვაძე. ველოდებით, რომ მან დააკომპლექტოს გუნდი მისი შეხედულებისამებრ. შემდეგ ამავე ჯგუფში სამუშაოდ მოვიწვევთ არქიტექტორ-რესტავრატორებს და დავიწყებთ მუშაობას”,– ამბობს წულუკიანი.

მისივე განმარტებით, 5 აგვისტომდე იტყვიან, სად გადაიტაენ ასეულობით ათას ექსპონატს.

“დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ვვარაუდობ, რომ კონკრეტულ სივრცეს ვიტყვით. თუმცა, აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება. განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ვერ აიტანს ფიზიკურად შორს გადაადგილებას. ის ორი სივრცე, სადაც დროებით საცავში გადავიტანთ ექსპონატებს, არ იქნება კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე და ამის შესახებ დღეს ან ხვალ მოგახსენებთ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობა შეცვალა. მუზეუმის უკვე ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე ამბობს, რომ არ არსებობს კოლექციის გადატანის გეგმა. ის სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.