ხელოვნების მუზეუმის მმართველი ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობა შეცვალა და ახალი დირექციის დახმარებით, მუზეუმის კოლექციების ევაკუაციას გეგმავს. ამის შესახებ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის უკვე ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე Facebook-ზე წერს.

ის მმართველის თანამდებობიდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს.

მისი თქმით, არ არსებობს კოლექციის გადატანის გეგმა. კიკნაძე სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

ეკა კიკნაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციების ევაკუაციის შესახებ, რომელსაც მინისტრ წულუკიანის მიერ დანიშნული ახალი დირექცია გეგმავს.

ევაკუაციის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, შენობის რეაბილიტაციის დასრულებამდე, კოლექციები განთავსდებოდა ეროვნული მუზეუმის კუთვნილ შენობებში: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (ოქროს ფონდი), ხელოვნების მუზეუმის ახალი სივრცესა და ეროვნულ გალერეაში. არცერთი კოლექცია ეროვნული მუზეუმს არ ტოვებდა. ევაკუაციის პროექტი არაერთგზის წარდგენილია როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პროფესიული წრეებისთვის, განხილულია პარლამენტის საკომიტეტო მოსმენასა და კულტურის სამინისტროში მოწვეული უწყებათაშორისი კომისიის წინაშე (2018-2020 წწ.).

ევაკუაციის საავტორო პროექტზე ვმუშაობდით ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების დიდი გუნდი, ხოლო მის უშუალო განხორციელებაზე პასუხისმგებლები ვიყავით მე – მუზეუმის მმართველი, ჩემი მოადგილე და მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მინისტრმა წულუკიანმა ამა წლის 20 აპრილის დანიშნა ახალი დირექცია. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემუშავებული პროექტი აქტუალური აღარ არის.

რადენიმე დღის წინ, ოფიციალური წერილით, მოვითხოვე ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა. პასუხად, დღეს მიღებული ბრძანების თანახმად, მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე. ეტოყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან „ვუყვარვარ, ახალ დირექტორს უთხრა, ,,ჩამოალაბორანტებო“. მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო.

ასევე, პოზიცია შეეცვალათ:

  • დარეჯან გოგაშვილს (მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულების ხელმძღვანელი), ვის მიერაცაა შემუშავებული (კოლეგების ჯგუფთან ერთად) კოლექციების გადაადგილების სქემა, ტრანსპორტირებისთვის საჭირო პროფესიული ინვენტარი და მათი სპეციფიკაცია;
  • დინარა ვაჩნაძეს (კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი), რომელიც პასუხისმგებელი იყო ევაკუაციისას კოლექციების დოკუმენტირების უკიდურესად საპასუხისმგებლო პროცესსზე.

პოზიციების ცვლილების თანახმად, არცერთი ჩვენგანი აღარ იქნება ჩართული ევაკუაციის პროცესში. შესაბამისად, არ გვექნება მონიტორინგის საშუალება.

ევაკუაციის პროცესს უხელმძღვანელებს: ახალი დირექტორი (პროფესიით – სამართალმცოდნე), მისი ორი მოადგილე – ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი. პროცესში ჩართული არ იქნება ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების გუნდი. მხოლოდ ხელოვნების მუზეუმში არსებული ინტელექტუალური რესურსი (ფერწერის, გრაფიკის და ქსოვილების შესანიშნავი რესტავრატორების გათვალისწინებითაც კი), ევაკუაციის მასშტაბთან მიმართებაში, აბსოლუტურად არარელევანტურია.

ევაკუაციის ახალი დოკუმენტი, სადაც პროცესი დეტალურად იქნება გაწერილი, ჩვენთვის ცნობილი არ არის. ეჭვი მაქვს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს.

სიტყვიერად გაჟღერებული განზრახვები არის საგანგაშოდ არაპროფესიონალური და საფრთხისშემცველი, როგორც კოლექციების უსაფრთხოების, ისე სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მათდამი დიდი ინტერესის გათვალისწინებით.

უცნობია კოლექციების განთავსების სქემა. უცნობია, სად გადადის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი.

ამ (და სხვაც) მიზეზების გამო, დაუშვებელია ევაკუაციის დაწყება, სანამ ახალი გეგმა არ გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული პირისთვის და არ იქნება შეფასებული სპეციალისტების მიერ. შეგახსენებთ, რომ საუბარია სხვადასხვა შედგენილობის, სიძველის და მდგომარეობის (ხშირ შემთხვევაში, უმძიმეს) კოლექციებზე, რომელიც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილებაა და რომელთა დაძვრისთვის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების არმიაა საჭირო.

ჩემი კოლეგები და მე ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას. ეს ჩვენი ბრძოლა იქნება. ბრძოლა უნდა დაიწყოს თითოეულმა თქვენგანმაც. ამ ქვეყნის მოქალაქეები სისტემატურად ვხედავთ, როგორ მარცხდება კულტურული მემკვიდრეობა. მარცხდება გადაწყვეტილების მიმღებთა არაკეთილსინდისიერების ან არაპროფესიონალიზმის მიზეზით, ვხედავთ როგორ ინგრევა და ნადგურდება ის. ხელოვნების მუზეუმი უნდა გახდეს შემთხვევა, სადაც მემკვიდრეობა გაიმარჯვებს. სხვაგვარად შეუძლებელია, – წერს კიკნაძე.