ჯაღმაიძე დავით-გარეჯზე: გამიზნული პროვოკაცია იყო, მამები ალბათ შეინანებენ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ივერი მელაშვილისა და მთავარი არხის გადამღები ჯგუფის დავით–გარეჯში ჩასვლას “გამიზნულ პროვოკაციას” უწოდებს.

“გუშინდელი ინციდენტი წინასწარ გამიზნული პროვკაციაა, რადგანაც დავით–გარეჯში განსაკუთრებულად აღიქვამენ პრობლემას, როდესაც მთავარი არხი გარეჯის ბერებს გრუს აგენტებად აცხადებს და ივერი მელაშვილის კი ეროვნულ გმირად, ეს ძაბავს სიტუაციას. გუშინდელ დღეს, როდესაც იყო ხსენება გარეჯელი მამებისა, იმ დღეს დაიგეგმა ივერი მელაშვილის გარეჯთან ჩასვლა. როდესაც ბრალდებული არის ქვეყნის მიწების გასხვისების მცდელობაში ეს ადამიანი[ივერი მელაშვილი], უნდა მოერიდოს ამ დაძაბულობას”,– ამბობს ჯაღმაიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, საპატრიარქო ძალადობას ემიჯნება და “მამები ალბათ შეინანებენ”.

“მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციების დროს, როგორც არ უნდა გამომწვევი იყოს, რომ როგორმე სასულიერო პირები არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში. რაც შეეხება ძალადობას, მამები ალბათ შეინანებენ, ეს არის გადაცდომა”,– აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, 4 მაისს დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები და ადგილობრივები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაამტვრიეს ტელევიზიის აპარატურა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.