ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა სომხეთში გადასატანად საბურავებს აგროვებს

ტვ პირველის ინფორმაციით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ადგილობრივი მოსახლეობა საბურავებს აგროვებს. ორ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად სომხეთი მოსახლეობის თქმით, საბურავებით დატვირთული ტრაილერები საზღვართან დგანან და მას ქართველი მესაზღვრეები არ ატარებენ.

მათი განმარტებით, სომხეთში საბურავებს სანგრების გასაკეთებლად გზავნიან, რათა სომეხმა ჯარისკაცებმა თავი დაიცვან.

“გავაგზავნეთ პროდუქტები, კარტოფილი, ტანსაცმელი, საკვები რომ ეჭამათ. იქ მიდის სროლები, რათა ყველანი დახოცონ, ამიტომ გვინდოდა გაგვეგზავნა საბურავებიც, რომ ადამიანებმა თავი დაიცვან. გვითხრეს, რომ 2 დღე დავიცადოთ, თბილისთან უნდა შეთანხმდეს საბურავების გაგზავნის ამბავი”,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ტვ პირველთან საუბრისას.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.