გამოძიების დასკვნამდე უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა – ზურაბიშვილი გაბუნიაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კადიროვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მისივე თქმით, უფლება არ აქვს, გამოძიების დასრულებამდე სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს.

,,კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა, ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რამზან კადიროვმა უარყო, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ორგანიზებას უწევდა და ქართველ ჟურნალისტს კიდევ ერთხელ დაექმურა. მან გაბუნიას მოუწოდა, მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. 

15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.