გირჩი არ დამიტოვებია, ვინ იქნება გირჩში, გადაწყვეტენ მხარდამჭერები – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პარტია არ დაუტოვებია.

“მე გირჩი არ დამიტოვებია. რაც დავწერე სტატუსში, ეგ არის, რისი თქმაც შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არ ვაპირებ გარეთ გამოტანას არაფრის. პარლამენტში შესვლა–არშევლა საერთოდ საკითხი არ არის.

პარტია არ დამიტოვებია. პარტია არ ვარ მე და არ არიან არც ეს ადამიანები. ვინ იქნება გირჩში, მაგას გადაწყვეტენ გირჩის მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული გირჩში”,– ამბობს ჯაფარიძე.

ის ვახო მეგრელიშვილის და სანდრო რაქვიაშვილის განცხადებასაც ეხმაურება, რომლებმაც თქვეს, რომ ჯაფარიძემ ულტიმატუმები წამოაყენა.

“არ ვიცი, ეგ რამდენად არის ულტიმატუმი, მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა ერთად საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანთან საუბარი”,– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა. ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” არ აპირებს.

სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა.

ვახო მეგრელიშვილის განმარტებით, აზრთა სხვადადასხვაობა პარლამენტში შესვლა–არშესვლას არ ეხება.