ევროპარლამენტარი კუბილიუსი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმება.

კუბილიუსი ყურადღებას ამახვილებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებზე. მისი განცხადებით,  ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, „შესაძლოა, მიჩნეულ იყოს როგორც ნიშანი ნდობის მზარდი ხარვეზისა“.

ევროპარლამენტარის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც “კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას”.

“თვალს ვადევნებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით 8 მარტს მიღებული ხელშეკრულების განხორციელებას. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამჟამინდელი გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების მიუხედავად, შეთანხმების სწრაფი აღსრულება წერილისა და სულისკვეთების თანახმად, უმაღლესი მნიშვნელობისაა.

ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად”, – წერს ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას.

8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება ორ მემორანდუმზე შეთანხმდნენ. ერთ არჩევნების პროპორციულთან დაახლოებული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა – მაჟორიტარების 130/20-ზე გადანაწილებას, ხოლო მეორე მემორანდუმი, ოპოზიციის განცხადებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა.