ველოდები შეთანხმების შესრულებას, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას – სენატორი რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.

“ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი საარჩევნო სისტემის მიღებაში პროგრესს გულისხმობს”,-წერს რიში ტვიტერზე და აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას აზიარებს.

გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შუამავალმა დიპლომატებმა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს ერთობილი განცხადებით უპასუხეს. მათი თქმით, შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც უნდა შესრულდეს. 

,,ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – წერია განცხადებაში.

მანამდე არჩილ თალაკვაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, თალაკვაძემ მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩებისგან მოითხოვა იმის საჯაროდ დადასტურება, თუ რა შეთანხმება შედგა მოლაპარაკებაზე.

“ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას“–ასეთი იყო დიპლომატების პასუხი ამ  მოწოდებაზე.