“ვიცი, ჩემს სიტყვებს რაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ვალდებული ვარ დღეს ეს ვთქვა.“–არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას და ეკლესიის პოზიციას, განაგრძოს ღვთისმსახურება ჩვეული ფორმით, ფეისბუქ სტატუსით აფასებს:

“პასუხისმგებლიანი სასულიერო პირები მრევლს სახლში ლოცვისკენ მოუწოდებდნენ. პასუხისმგებლიანი მრევლი კი განერიდებოდა ვირუსის კერებს და სახლში ილოცებდა.

ტოტალური უპასუხისმგებლობის სივრცეში ვართ მრევლიც და სასულიერო სივრცეც.

ვირუსი უკვე მძიმედ ედება თბილისის უბნებს, რეგიონებს, სოფლებს. ვეღარ დგინდება კონტაქტები. სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება პროცესებს. უკვე ჩანს სახელმწიფოს მცდელობა პაციენტების გადაყვანისგან თავის შეკავებისა, კორონავირუსის კერების უყურადღებოდ დატოვებისა რეგიონებში თუ თბილისში.

მოცემულობა, რაც აქამდე გვქონდა, შეიძლება სანატრელიც კი გაგვიხდეს და ახლა, ამ ყველაფერში ადამიანებს უბიძგო შეკრებებისკენ, ეს არის უპასუხისმგებლობა და მოქალაქეთა საფრთხეების მიმართ გულგრილობა.

სამწუხაროდ, რასაც ბოლო პერიოდში ცალკეული მღვდელმთავრები თუ ზოგადად, სასულიერო პირები აცხადებენ თუ აკეთებენ, არაფერში აღარ ჯდება, ეს არის უპასუხისმგებლობითა და ადამიანების მიმართ გულგრილობით გაჯერებული განცხადებები და ქმედებები. ახლა ხდება არა ეკლესიის დევნა, არამედ ეკლესიის მხრიდან ადამიანების დევნა. ჩვენი ეკლესია კი დღითიდღე ხდება სულ უფრო ჩაკეტილი სივრცე და ემსგავსება კერპთაყვანისმცემლურ წარმართულ რელიგიას.

რაც გინდა მასების ლანძღვისა და დევნის მსხვერპლები გავხდეთ, ჩვენ უნდა ვთქვათ ეს ყველაფერი. ვიცი, ჩემს სიტყვებს რაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ვთვლი, რომ ვალდებული ვარ დღეს ეს ვთქვა.“– ამბობს გამზარდია.