თბილისის მერიამ პიარში 11.5 მილიონი ლარი დახარჯა

ფლანგვის დეტექტორი თბილისის მერიის მიერ პიარში დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით თბილისის მერიამ მისი საქმიანობის პიარისთვის 2018 წელს ა(ა)იპ კომუნიკაციის სააგენტო შექმნა, რომლის ხარჯმა დღემდე 11.5 მილიონი ლარი შეადგინა.

კომუნიკაციის სააგენტოს დასაფინანსებლად თანხები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით გამოიყოფა.

სააგენტოს დაარსებამდეც ამ მუხლით გამოყოფილი თანხები წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა სააგენტოს დაარსების შემდგომ დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა.

სააგენტოს დაფუძნების შემდეგაც რეკლამაზე გამოყოფილმა თანხებმა ყოველწლიური ზრდა განაგრძო: 2018 წელს 2.7 მილიონი იყო, 2020-ში კი უკვე 4.7 მილიონი ლარი.

2018 წლის თებერვალში თბილისის მერიაში შეიქმნა ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო” (ს/ნ 405255165). თბილისის მერის კახა კალაძის თქმით ყველა გამგეობასა თუ სამსახურს თავისი პიარი ჰყავდა და არ იგრძნობოდა ერთიანი ხაზი, რაც იწვევდა გარკვეულ პრობლემებს. სააგენტომ კი გააერთიანა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები.

კომუნიკაციების სააგენტოს დასაფინანსებლად დაარსებიდან დღემდე 2018-2020 წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან 11,463,800 ლარი გამოიყო. საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს დასაფინანსებლად თანხები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით (07 02 04) გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ მოცემული მუხლის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს გამოიყო – 2,717,500 ლარი, 2019 წელს 4,078,600 ლარი, 2020 წელს კი 4,667,700 ლარი.

თბილისის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ 2018-2020 წლებში სააგენტოში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 1,703,100 ლარი დაიხარჯა. მათგან 2018 წელს – 512,700, 2019 წელს 595,200, ხოლო 2020 წელს გამოყოფილია 595,200 ლარი.

სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე ჯოჯუამ 2018-2019 წლებში შრომის ანაზღაურების სახით 117,762 ლარი მიიღო, რაც 49,675 ლარით აღემატება თავად თბილისის მერის 2018-2019 წლებში მიღებულ შრომის ანაზღაურებას.

2020 წლის 9 თვის განმავლობაში სააგენტომ უკვე დახარჯა 2,025,000 ლარი. ამ პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელის facebook საშუალებით მოხდა მოსახლეობის ინფორმირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის შესახებ რაშიც 51,900 ლარი დაიხარჯა. 36,000 ლარი დაიხარჯა მერიის შესახებ მედიასაშუალებებით გასული ინფორმაციის მონიტორინგში, ხოლო სხვა საინფორმაციო ხასიათის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა 672,800 ლარი შეადგინა.

2019 წელს მერიამ სოციალურ ქსელ facebook საშუალებით ინფორმაციის გასავრცელებლად 235,900 ლარი დახარჯა, სხვა საინფორმაციო ხასიათის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებმა კი 2,001,000 ლარი შეადგინა. 165,900 ლარი დაიხარჯა საინფორმაციო ბანერ-კონსტრუქციების, საოფისე ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, ფოტოაპარატი და ფოტოაპარატის სხვადასხვა სახის ნაწილების შესაძენად, ხოლო 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საკომუნიკაციო კამპანიისათვის 92,300 ლარი სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

2018 წელს კი 2,352,700 ათასი ლარი დაიხარჯა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და რაიონის გამგეობების დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო კამპანიაში. მათ შორის დამზადდა საინფორმაციო მასალები და ვიდეორგოლები, რეკლამა განთავსდა მედია-სივრცესა და სოციალურ ქსელებში.

2018-2020 წლებში კომუნიკაციის სააგენტოსათვისათვის უფრო მეტი თანხა გამოიყო ვიდრე შემდეგი პროგრამებისთვის:

თბილისის განვითარების კვლევები, სტრატეგიები და პროექტები – 422,300

თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა – 1,396,200

ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია – 857,400

ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავება – 4,287,800

ბიზნესის სტიმულირება – 2,411,300 ლარი

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მზარდი ტენდენცია არსებობდა კომუნიკაციის სააგენტოს დაარსებამდეც, თუმცა სააგენტოს დაარსების შემდგომ დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა. 2018 წელს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები თითქმის გასამმაგდა (გამოიყო 1,789,900 ლარით მეტი ვიდრე 2017 წელს)..

წყარო:ფლანგვის დეტექტორი