თეთრპერანგიანი მამაკაცი “კაწრო” არ არის, მასზე გამოძიებამ იმსჯელა – შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც წერეთლის გამზირზე გურამ ამირხანაშვილს ხვდება, “კაწრო” ანუ ავთანდილ ბილანიშვილი არ არის.

მისი თქმით, გამოძიებას აქამდეც ჰქონდა ამ პიროვნებაზე მსჯელობა და კადრებიც ადვოკატებმა გამოძიებისგან მიიღეს.

“რა თქმა უნდა, ეს კადრები ვინც გაავრცელა, მათაც საგამოძიებო მასალებიდან აიღეს. ბრალდებულების ადვოკატებმა მისცეს. თქვენ გგონიათ, რომ რამე კადრი მოიპოვეს? ეს კადრები მათ ჩვეულებრივად ადვოკატებისგან მიიღეს. სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ან ხვალ გააკეთებენ განცხადებას. მე ამ საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ”,– ამბობს ნიკოლაძე 2020news-თან საუბრისას.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის ვინ არის “კაწრო”, თუმცა გამოძიება ვალდებული იყო, რომ დაეკითხა.

“ვფიქრობ, რომ როგორც აუცილებლობა, ისე შეფასდება, ვინაიდან ამდენი ხანია, ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს და ახსენებს ვიღაც ადამიანების გარკვეულ წრეს. აქ მარტო ამ ადამიანზე არ არის საუბარი, გულწრფელად სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ბილანიშვილი, მაგრამ რადგან ვიღაცა კატეგორიული ფორმით გთავაზობს ვერსიას და უნდა, რომ ირწმუნო და დაიჯერო, ასეთ შემთხვევაში გამოძიება, რა თქმა უნდა, ვალდებულია, რომ დაკითხოს ეს ადამიანი. საერთოდ ამ საქმესთან რა შემხებლობაშია ეგ ადამიანი, წარმოდგენა არა მაქვს”,– განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ  „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ გურამ ამირხანაშვილთან ტოიოტა ქამრიდან ჩამოსვლის შემდეგ ახალგაზრდა მიდის და რამდენიმე წუთის განმავლობაში ელაპარაკება. ის მიკროავტობუსიდან ზუსტად იმ ადგილზე ჩამოდის, სადაც ამირხანაშვილი. მთავარი არხის ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს პიროვნება ავთანდილ ბილანიშილი, იგივე “კაწროა. ბილანიშვილი ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.