იმედია ენმ ამ განცხადებას არ გამოიყენებს საბაბად, რომ გაემიჯნოს შეთანხმების პროცესს – კაპანაძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ ოპოზიციამ ერთიანი საარჩევნო სია შექმნას,  „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ეხმიანება.

კაპანაძის თქმით, ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებაა, ამიტომ სხვა იდეა არ განიხილება.

სერგი კაპანაძე იმედოვნებს, რომ სააკაშვილს ეს განცხადება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ნაცციონალური მოძრაობა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს

„არის მრავალი პოლიტიკური პარტია და არის ამომრჩეველი, რომელსაც განსხვავებული, მრავალფეროვანი შეხედულება გააჩნია. ამ ეტაპზე ერთიანობისთვის ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება, ჯერ თბილისში, მერე სხვაგან. ამიტომ ჩვენ ამაზე ვაპირებთ კონცენტრირებას და სხვა იდეას ჩვენ არ განვიხილავთ. აქვე მინდა დავამატო, რომ იმედი მაქვს ეს განცხადება არ გაკეთებულა იმისთვის, რომ მერე საბაბად იყოს გამოყენებული, რათა ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი გაემიჯნოს მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ ფორმულასთან ინტერვიუში.

სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა გიგი უგუალავაც, რომელმაც თქვა, რომ ეს იდეა არარეალიზებადია. 

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერზე ვიდეოს აქვეყნებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას არჩევნებზე ერთიანი სიით გამოსვლისკენ მოუწოდებს.