კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი , რომლითაც შესაძლოა საქართველოს დახმარების 15% შეუჩერდეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი. როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, კანონპროექტი 224 ხმით 189-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

“სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, რაც შესაბამისი იქნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან”, – წერია დოუკუმენტში.

ცნობისათვის, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.