ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთხოვს

ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დახმარებას სთხოვენ.

ოპოზიცია საერთო განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ კორონავირუსის დასაძლევად გადადგმულმა ნაბიჯებმა დიდი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას, რაც ასევე ,,საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს”.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ, ამჟამად მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და ამ მცდელობაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

,,პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსესუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ.

საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას”,- წერია ოპოზიციის განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი პარტიები და სამოქალაქო მოძრაობებია:

1. გირჩი;

2. ევროპული საქართველო;

3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;

4. ახალი საქართველო;

5. რესპუბლიკური პარტია;

6. სამოქალაქო მოძრაობა;

7. თავისუფალი საქართველო;

8. ევროპელი-დემოკრატები;

9. პარტია სამართლიანობისთვის;

10. მოძრაობა ახალი საქართველოსთვის;

11. გამარჯვებული საქართველოსთვის;

12. კანონი და სამართალი;

13. თავისუფალი დემოკრატები;

14. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება;

15. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო;

16. ემსახურე საქართველოს;

17. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის;

18. საქართველო ლიდერთა შორის;

19. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;

20. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;

21. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;

22. ლელო საქართველოსთვის;

23. ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.