რურუა შეთანხმებაში არაა მოხსენიებული, ეს ძალიან ნათელია, ყველას შეუძლია წაიკითხოს – გერმანიის ელჩი საქართველოში

ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ პოლიტიკურ პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩავარდნის შესახებ ერთმანეთზე დანაშაულის მიწერას ცდილობენ“, – ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა კითხვას, მიდის თუ არა პროცესი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ იმ ფონზე, რომ ერთი მხრივ, გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, მეორე მხრივ კი ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ქნირშმა იმედი გამოთქვა, რომ 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას ყველა მხარე მიიღებს.

„ორშაბათი გადამწყვეტი დღე იქნება შესრულების კუთხით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 8 მარტის შეთანხმხების ყველა მონაწილე ხმას მიცემს და დაუჭერს მხარს იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რაზეც შეთანხმება მოხდა. როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ნათელი მოვფინეთ, თუნდაც, ერთი კვირის წინ, დამატებითი განცხადებით, რომ გვსურს, ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენი ხანგრძილივი დისკუსიის შედეგს. ბატონი რურუა შეთანხმებაში არაა მოხსენიებული, ეს ძალიან ნათელია, ყველას შეუძლია წაიკითხოს. ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობს დისკუსია, რომლითაც ისინი ცვლილებების მიღების შესაძლო ჩავარდნის შესახებ ერთმანეთზე დანაშაულის მიწერას ცდილობენ: ოპოზიცია ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ჩავარდება, მაშინ უმრავლესობის ბრალი იქნება და უმრავლესობა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, შესაძლო ჩავარდნა ოპოზიციის ბრალი იქნება, რომელიც მონაწილეობას არ იღებს ხმის მიცემაში. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არ ეხება ბრალს, არამედ დამსახურებას: თუ, როგორც ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება, მაშინ ქებას ექსკლუზიურად ისინი დაიმსახურებენ, ვინც ამას პარლამენტში დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ქნირშმა.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ქნირშმა განაცხადა, რომ უგულავა, უქრუაშვილი და რურუა ოფიციალურად მოხსენიებულები არ იყვნენ შეთანხმებაში, თუმცა მოლაპარაკებების დროს მათი გვარები გაჟღერდა.

„როგორც ფასილიტატორებს და დიპლომატებს, გვსურდა, პატივისცემა გამოგვეხატა ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ და არ გვსურს, შევიდეთ მათთან დავებში. უნდა შევეგუოთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თუ პარტია თავის ინტერპრეტაციას აკეთებს და რაღაცებს ამბობს ამ შეთანხმების შესახებ. ქართველ ხალხს უნდა მივანდოთ იმის გადაწყვეტა, როცა ერთი ადამიანი კის ამბობს, მეორე – არას, ეს შეთანხმებაა თუ შეუთანხმებლობა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგის პროცესში 8 მარტამდე, ეს სახელები მოხსენიებული იყო, და ოპოზიციური პარტიების შეშფოთების ნაწილს წარმოადგენდა. უგულავას და ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს შეწყალება იყო, ის, რაც შეიძლება, ნებისმიერ ქვეყანაში სამართლებრივად მოხდეს, და ასევე, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის შემსუბუქებაში წვლილის შეტანის მცდელობა – ჩვენ ეს ასე დავინახეთ და მივესალმეთ კიდეც“, – აღნიშნა ქნირშმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“