სიყვარული კარანტინში–ხანდაზმული წყვილის ამაღელვებელი ისტორია და შეხვედრა ჩაკეტილ საზღვართან

გლობალური პანდემიის აფეთქების ფონზე დანიის და გერმანიის საზღვარზე ყურადღების ცენტრში მოექცა  ხანდაზმული წყვილის ამაღელვებელი ისტორია.

დანიელი ქალი, 85 წლის ინგა რასმუსენი და გერმანელი 89 წლის მამაკაცი კარსტენ ტიუჰსენ ჰანსენი ერთმანეთს ქალაქ ავენტოფტის მახლობლად ყოველდღე ხვდებიან, თუმცა რეკომენდირებულ დისტანციას ინარჩუნებენ.

დანია–გერმანიის საზღვარი ორი კვირის წინ კორონავირუსის აფეთქების გამო ჩაიკეტა. ახლა გერმანიაში დაინფიცირების 92 000–ზე მეტი შემთხვევაა, დანიაში 4000–ზე მეტი. მართალია ორივე ქვეყანა ევროკავშირში და შენგენის ზონაში შედის, სასაზღვრო კონტროლი მათ შორის დროებით აღდგენილია. თუმცა, პანდემიამ და კარანტინმაც კი ვერ შეუშალა ხელი ხანდაზმულ წყვილს.

რასმუსენი და ჰანსენი ადგილობრივი ვარსკვლავები გახდნენ მას შემდეგ, რაც მათ შემთხვევით დანიის სასაზღვრო ქალაქ ტიონნერის მერი წააწყდა, რომელმაც შორიახლოს ველოსიპედით ჩაიარა. მერმა მათ შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მათი ფოტოც დადო, ამის შემდეგ კი წყვილის მედიის და საზოგადოების საყოველთაო ყურადღების ობიექტი გახდა.

წყვილმა ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნო და თითქმის ერთი წელია ყოველ დღეს ერთად ატარებენ. რასმუსენი დანიურ ჰალეჰუსში ცხოვროს და საზღვრამდე მანქანით მიდის, ჰანსენი კი გერმანული ზიუდერლიუგმიდან საზღვრამდე ველოსიპედით ჩადის.

პაემანს წყვილი სასაზღვრო შლაგბაუმის აქეთ–იქით ჩამომჯდარი ატარებს. კაცი ერთი–ორ ჭიქა შნაფსს სვამს, ქალი კი მხოლოდ ყავას, რადგან როგორც ადგილობრივ მედიას ეუბნება, საჭესთან უწევს დაჯდომა.

წყვილი ვირუსის აფეთქებამდე ხშირად მოგზაურობდა ერთად და პანდემიის ჩაცხრობის შემდეგ იგივეს აპირებს.

“ძალიან სევდიანი ეს ამბავი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია“– უთხრა რასმუსენმა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დოიჩე ველეს.