ცრუ განგაში: ვეფხვის დასაჭერად ვერტმფრენით და იარაღით მობილიზებულ პოლიციას ხელში სკულპტურა შერჩა

ბრიტანეთში, კენტის საგრაფოში შეიარაღებული პოლიციელები და ვერტმფრენი გაგზავნეს ვეფხვის დასაჭერად, რომელიც გავრცელებული პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციით ზოოპარკიდან გაიქცა და ტყეში იმალებოდა. თუმცა, “შემთხვევის ადგილზე“ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ვეფხვი ნამდვილი არ იყო.

კენტის პატარა სოფელ ანდერრივერში მისულ პოლიციას ადგილზე ვეფხვის ფიგურის ავტორი – 85 წლის ქალი ჯულიეტ სიმპსონი დახვდა.

“კარგად იცინეს და ბევრი ფოტოები გადაიღეს“ – ამბობს სკულპტორი.

ქალმა მეზობლებისგან შეიტყო, რომ ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და შეატყობინა, რომ მეზობლად ტყეში გაქცეული ვეფხვი ნახეს. სიმპსონი მიხვდა რაშიც იყო საქმე და მაშინვე სკულპტურისკენ გაემართა, რომელიც მისი სახლის სიახლოვეს დგას.

“მეზობელი მინდვრიდან შეიარაღებული პოლიციელების მთელი ჯგუფი მოგვიახლოვდა. იმ მომენტისთვის უკე მიხვდნენ, რომ განგაში ცრუ იყო. ჩემი ვეფხვი მართლაც ნამდვილს გავს. ასე ჩავიფიქრე თავიდანვე. ის გზიდან 30 მეტრში დგას და არც ისე კარგად ჩანს“ – ამბობს ქალი.

მავთულისა და ებოქსიდური ფისისგან დამზადებული ვეფხვი ამ ადგილზე უკვე 20 წელია დგას და არც თუ საუკეთესო მდგომარეობაშია.

როგორც სკულპტორი ამბობს, ვეფხვი მისი სახლის უკან მდებარე ტყეში დროებით დადგა, თუმცა იმ ადგილს იმდენად მოუხდა, რომ გადაწყვიტა აღარ გაეყიდა და მას შემდეგ ასე დგას.

კენტის საგრაფოს პოლიციის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პოლიციელები სოფელ ანდერრივერში მას შემდეგ გაგზავნეს, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ რაიონში დიდი ზომის მტაცებელი კატისებრი შენიშნეს.

“ შეიარაღებული პოლიციელები ადგილზე უსაფრთხოების ზომის ფარგლებში მივიდნენ, თუმცა ძებნის შედეგად დაადგინეს, რომ ადგილზე არავითარი ცხოველი და რისკი ადამიანებისთვის არ არსებობს.“ ვეფხვის დასაჭერად ადგილზე ვერტმფრენიც გაგზავნეს.

თუმცა პოლიციის ქმედება გადამეტებული სიფრთხილე სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ კენტის საგრაფოში რამდენიმე საფარი–პარკია, სადაც ბევრი ველური ცხოველი, მათ შორის ვეფხვი ცხოვრობს.

წარსულში არაერთხელ ყოფილა შემთხვევები, როცა მტაცებლები გალიიდან გაიქცნენ.