“ხელოვნურად წარმოქმნილი აჟიოტაჟი“–ფონდი ქართუ იპოდრომის ყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ივანიშვილის ფონდი ქართუ თბილისის იპოდრომის შეძენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება. ის თვლის, რომ მედიამ ამ საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟი შექმნა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გაყიდა. მას  შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”. ტრანზაქცია 19 ივნისს შესრულდა.

ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომი 60 მილიონ ლარად  გაყიდა და მისივე ფონდ “ქართუს“ მიყიდა.

ქართუს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია:

“საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ეხმაურება რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან ხელოვნურად წარმოქმნილ აჟიოტაჟს თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით, რომლის მიზანი, ჩვენი აზრით, ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა.

მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს.

ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ფაქტი, მსოფლიო ბანკის მიერ „დიდ ოთხეულად“ რანჟირებული, უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებით არის დადასტურებული.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

დასასრულ, ხასგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას.“– წერია განცხადებაში.