ივანიშვილმა იპოდრომი გაყიდა, თუმცა თვითონვე იყიდა

ბიძინა ივანიშვილმა საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გაყიდა. მას  შპს “ინვესტ კაპიტალი” ფლობდა, რომლის ხელმძღვანელი კახა კობიაშვილია. ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. “ინვესტ კაპიტალის” 100%-იანი წილის მფლობელი პანამაში ბაზირებული სააქციო საზოგადოება “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”. ტრანზაქცია 19 ივნისს შესრულდა.

ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომი 60 მილიონ ლარად  გაყიდა და მისივე ფონდ “ქართუს“ მიყიდა.  რა მიზნით განხორციელდა ყიდვა–გაყიდვა, უცნობია. ქალაქის ცენტრში მდებარე 40 ჰექტარი ფართობი 2009 წლიდან ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაა. თუმცა დღემდე მილიარდერს არაფერი უთქვამს, რას უპირებს ტერიტორიას. ყოფილი იპოდრომის გარშემო აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, თუმცა მოსახლეობა იპოდრომის ტერიტორიას დღემდე სარეკრიაციო ზონად იყენებს. რამდენიმე წლის წინ გაჩნდა იდეა, იპოდრომის ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალური პარკი გაშენებულიყო. ამ მოთხოვნით მოსახლეობამ პეტიციაც შექმნა და ივანიშვილს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა. თუმცა ამ ინიციატივას გაგრძელება აღარ მოყოლია.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს გარიგება ან ფულის გათეთრების სქემაა, ან ივანიშვილი წინასაარჩევნო ნაბიჯს ამზადებს და შესაძლოა იპოდრომი ქალაქს მართლაც გადასცეს ცენტრალური პარკის გასაშენებლად.