30 მაჟორიტარული ოლქი მოითხოვს ოპოზიციის განსაკუთრებულ ერთიანობას – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.

ნათელაშვილის თქმით, დასამალი არ არის, რომ ხშირად ერთ პარტიაშიც ჭირს კანდიდატის შერჩევა და სიების შედგენა, ამიტომ უფრო რთული იქნება, 30 პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს საერთო კანდიდატზე მაშინ, როდესაც უმრავლესობას მაჟორიტარულ ოლქებზეც აქვს ინტერესი.

“მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა – საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევარჩიოთ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა. მე მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური კოლეგები ამას შესანიშნავად აცნობიერებენ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ გარკვეულ პარტიებს კონკრეტულ ოლქებში თავისი სახეები ჰყავს, რომლებიც, მაგალითად, 4-ჯერ არიან არჩეული იმ ოლქში, ამიტომ პარტიის ლიდერებს გაუჭირდებათ ამ ადამიანების დარწმუნება, რომ აღარ იყაროს კენჭი იმ ოლქში. სწორედ ამიტომ, ნათელაშვილი ფიქრობს, რომ პარტიების შიგნით არის სამუშაო.

ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა.