ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ [ციხეში]? -ასე მიმართა ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების – ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. პროკურორმა დაასახელა ის საფრთხეები, რომელიც მათი გათავისუფლების შემთხვევაში დადგება. მისი თქმით, არსებობს მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები.
“ავთანდილ ბილანიშვილის მიმართ წარსულში სასამართლომ არაერთხელ გამოიყენა სასჯელის სახით ჯარიმა. იყო ნასამართლევი ცივი იარაღის ტარებისთვის. ძალადობრივი კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი”, – განაცხადა ვახტანგ ხარებაშვილმა.
ბრალდებულმა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს ასე უპასუხა:
“ბატონო პროკურორო, როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, – მიმართა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს. ასევე, პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ბილანიშვილი “ცივ იარაღსაც ატარებდა”, რასაც ბილანიშვილის შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: “გაგახარებთ ღმერთი”.
საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.


