აშშ-მა იემენში ჰუსიტ მეამბოხეების წინააღმდეგ „გადამწყვეტი და ძლევამოსილი“ ავიადარტყმების სერია დაიწყო, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თავისი გადაწყვეტილება ახსნა შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმებით წითელ ზღვაში ხომალდებზე — ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ მარშრუტზე ნავთობისა და საწვავის ტრანსპორტირებისთვის.
„დღეს მე ვუბრძანე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს, დაიწყონ გადამწყვეტი და ძლიერი ქმედებები იემენელი ტერორისტების: ჰუსიტების წინააღმდეგ“, — დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში და აღნიშნა, რომ ეს პასუხია იმაზე, რომ ჰუსიტები არ წყვეტენ ამერიკულ და სხვა ქვეყნების ხომალდებზე, თვითმფრინავებზე და დრონებზე თავდასხმას.
„მიმართვა ტერორისტ ჰუსიტებს: თქვენი დრო ამოიწურა. თქვენ უნდა შეწყვიტოთ თავდასხმები დღესვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ჯოჯოხეთურ ტანჯვას იგრძნობთ, როგორიც ჯერ არასდროს განგიცდიათ“, — დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ჩვენი მამაცი სამხედროები ამ წუთებში ახორციელებენ ავიადარტყმებს ტერორისტების ბაზებზე, მათ ლიდერებზე და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებზე, რათა დაიცვან ამერიკული საზღვაო, საჰაერო და სამხედრო-ფლოტის აქტივები და აღადგინონ საზღვაო მიმოსვლის თავისუფლება“, — დაწერა ტრამპმა.
მან ასევე მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს ჰუსიტების მხარდაჭერა იემენში.
„ნუ გაბედავთ ამერიკელი ხალხისთვის, მისი პრეზიდენტისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანდატით აირჩიეს პრეზიდენტობის ისტორიაში, ან გლობალური საზღვაო გზებისთვის მუქარას. თუ ამას გააკეთებთ, ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა გაიძულებთ, სრულად აგოთ პასუხი. ჩვენ თქვენთან თამაშს არ ვაპირებთ“, — გააფრთხილა ტრამპმა.
ჰუსიტების კონტროლქვეშ მყოფმა ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და კიდევ ცხრა დაიჭრა.
ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ, იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა სოლიდარობა ჰამასთან გამოაცხადეს.
მათ დაიწყეს ხომალდების დაბომბვა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, რომლის სიგანე დაახლოებით 30 კილომეტრია; ამ სრუტეს ასევე „ცრემლების კარიბჭეს“ უწოდებენ. ჰუსიტები აცხადებენ, რომ თავდასხმებს ისრაელისკენ მიმავალ ხომალდებზე ახორციელებენ, თუმცა, რეალურად, დაბომბილი ხომალდების ნაწილი საერთოდ არ მიემართებოდა ისრაელისკენ.
დროთა განმავლობაში ჰუსიტებმა გააქტიურეს თავდასხმები სრუტეში გამავალ ხომალდებზე და ასევე გაუშვეს რაკეტები და დრონები ისრაელის მიმართულებით.
დაჯგუფებამ არაბულ მედიას განუცხადა, რომ ისინი აგრძელებენ თავდასხმებს.
ჰუსიტების თავდასხმების გამო, თითქმის ყველა საზღვაო გადაზიდვის კომპანიამ შეაჩერა რეისები წითელი ზღვის გავლით და ხომალდები ალტერნატიული მარშრუტებით გადაამისამართა.
წითელი ზღვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მსოფლიო მარშრუტად ითვლება ნავთობის, თხევადი გაზისა და სხვა საქონლის ტრანსპორტირებისთვის.