ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს, შესაძლოა, ივნისში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ავრცელებს.
პუტინის საგარეო საქმეთა პოლიტიკის მთავარმა მრჩეველმა იური უშაკოვმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შეხვედრა, შესაძლოა ივნისში შედგეს.
ორ ქვეყანას შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე, პირისპირ შეხვედრის იდეა, თვის დასაწყისში, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოთქვა.
“ივნისს განვიხილავთ და კონკრეტულ თარიღზეც კია საუბარია”, – განაცხადა უშაკოვმა, რუსეთის ყოფილმა ელჩმა ამერიკაში. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. “ჩვენ გადაწყვეტილებას ბევრი ფაქტორის მიხედვით მივიღებთ”, – თქვა უშაკოვმა ტელეკომპანია “რასია 1”-თან საუბრის დროს.
განცხადება ამ თემაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც გააკეთა და თქვა, რომ სამიტის შეთავაზება “პოზიტიურად მიიღეს და ახლა მისი განხილვა მიმდინარეობს”.
ივნისის შევხედრა, შესაძლოა, დაემთხვეს ბაიდენის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში დიდი შვიდეულის, ასევე ნატოსა და ევროკავშირის სამიტებს ბრიუსელში.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა, დიდი ალბათობით, რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, ევროპაში ჩატარდება. სამიტის მასპინძლობის ინტერესი უკვე გამოთქვა როგორც ავსტრიამ, ასევე ფინეთმა.
ორ ქვეყანას შორის სიტუაცია სულ უფრო იძაბება, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში, ასევე კიბერთავდასხმებმა ამერიკულ კომპანიაზე, ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობამ და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებამ.
მარტში, რუსეთი განსაკუთრებით შეურაცხყოფილი ჩანდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა, პუტინს მკვლელი უწოდა. მაშინ, მოსკოვმა ამერიკაში საკუთარი ელჩი მოსკოვში გაიწვია კონსულტაციებისთვის.
მიმდინარე კვირას კი, ასევე კონსულტაციებისთვის, უკან, ვაშინგტონში დაბრუნდა ამერიკის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი. სალივანის ვაშინგტონში დაბრუნებას წინ უძღვოდა მოსკოვის რეკომენდაცია, ელჩს დროებით დაეტოვებინა მოსკოვი.
ელჩის მიერ მოსკოვის დატოვებამდე, რუსეთმა ამერიკის საელჩოში მომუშავე 10 ადამიანი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა და ამას ვაშინგტონის მიერ წარმოებული პოლიტიკის სარკის ეფექტი უწოდა. ისინი გულისხმოდბდნენ იმას, რომ 10 რუსი დიპლომატი ვაშინგტონის ეკონომიკური სანქციების სამიზნე აღმოჩნდა.
წყარო: ამერიკის ხმა