”სახელმწიფოებრივად და საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესეც რომ არა, ქვეყნის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი და ამას ის წარმატებაც მოწმობს, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში მიაღწია.

თუმცა, მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება სჭირდება, მით უფრო დღეს, როდესაც გარე თუ შიდა მტრები გამალებით ცდილობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნან, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

ამიტომაც, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას – დღეს, არამედ ვიცავთ სიცოცხლეს და პერსპექტივას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ – ვერასდროს შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ვიწროპარტიული ინტერესების ასპარეზად აქციოს, რათა აღარასდროს მოგვიწიოს ქვეყნის 0-დან შენება და მომავალმა თაობებმა მაინც არ განიცადონ ის ტკივილი და სიმწარე, რაც ომს და ნგრევას ახლავს თან!

რამდენჯერმე უკვე აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული – დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რომ უცხოელ, თუ ადგილობრივ არაკეთილმოსურნეთა და რადიკალთა მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ.

დღეს, ამ რთული გზის ბოლოს, როდესაც ქვეყანა თითქმის გავიყვანეთ სამშვიდობოს, ბრძოლის მთავარი ხაზი 26 ოქტომბრის არჩევნებზე გადის. უფრო მარტივად რომ გითხრათ, 26 ოქტომბერს დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას!”

განაცხადა ამის შესახებ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.