გახარიამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები ჩართო

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას მიიღო.

ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

პრესსამსახურის ინფორმაციით ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა.

მათ შორის არის:  მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება ისეთი მოწყვლადი სექტორის ბიზნესსუბიექტებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევა, ასევე ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მხარდასაჭერად ეტაპობრივად განახორციელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიურად და ეფექტიანად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილში მათი ხედვები უმეტესწილად ანალოგიურია.

ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ის ღონისძიებები და სტრატეგია, რომლითაც საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს პოსტკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ქვეყანამ სწრაფად დაიბრუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ და შეცვლილ ეკონომიკურ გარემოში.