გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად – ბუწაშვილი

“გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად”- აცხადებს, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი  და აღნიშნავს, რომ წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო, უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ

”ამჟამად ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის ქვეტიპების შესახებ. ბევრი შფოთავს, რომ „ღორის გრიპი დაბრუნდა“. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. ღორის გრიპი, ანუ H1N1 არც არსად წასულა. როგორც გვახსოვს, 2009-2010 წლის პანდემია ამ ვირუსით იყო გამოწვეული და პანდემიის დასრულების შემდეგ H1N1 სეზონური გრიპის ვირუსის სახით ყოველწლიურად გვევლინება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. მასთან ერთად გრიპის ვირუსის სხვა ქვეტიპებიც გვხვდება. შესაბამისად, გრიპის ვაქცინაში გათვალისწინებულია ვირუსის ოთხი სხვადასხვა, სეზონზე ყველაზე ხშირად ცირკულირებადი ტიპები.

ამ ქვეტიპებს კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. პრაქტიკულად ყველა ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს. ამიტომ კლინიკურ პრაქტიკაში როდესაც ვატარებთ ტესტირებას, ზოგადად გრიპის დიაგნოზი ისმევა (ეს ტესტი განასხვავებს A და B ტიპის ვირუსებს). ტესტირების შედეგად გრიპის დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ განვასხვავოთ ბაქტერიული ინფექციისგან (მაგალითად, ბაქტერიული ანგინისგან) და არასაჭიროდ არ დაინიშნოს ანტიბიოტიკები.[…] გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. იწვევს ძალიან შემაწუხებელ სიმპტომებს და აქვს გართულებების რისკი (ფილტვების ანთება, ბრონქიტი და სხვ.). ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ წელს რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ, თუმცა რეალურად გრიპი ყოველთვის იყო და სამწუხაროდ დარჩება ინფექციად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იწვევს ძლიერ საერთო სისუსტეს (ზოგჯერ გახანგრძლივებულს), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს. სურდო და ხველა შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოხატული. ხველა ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივდება და ეს ადამიანებს აშინებთ. თუ სველი, ანუ ნახველით გამოხატული ხველაა, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოგრაფია), რომ შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება. ადრე ვრცელი პოსტი მივუძღვენი ხველას და ამიტომ ახლა აღარ გავიმეორებ.

მოკლედ, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო. უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ – „უბრალო გრიპია“. სინამდვილეში არც ისე „უბრალოა“ და მასთან სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში ეს არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულებისთვის ვაქცინა წინააღმდეგნაჩვენები არ არის და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია (სამწუხაროდ დღემდე რჩება არასწორი რჩევები, რომ ორსულები უნდა მოერიდონ გრიპზე ვაქცინაციას).

მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისგან დასაცავი საშუალება არ არის, გრიპისგან თავის დასაცავადაც ეფექტურია” – ამბობს ბუწაშვილი.