ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შემდეგ ეკონომიკის სტაბილურობის განმსაზღვრელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღარ იქნება და სამომხმარებლო კულტურაც შეიცვლება:
“ახლა ყველა საუბრობს ეკონომიკურ ვარდნაზე, ანუ ქვეყნების მშპ-ს და საწარმოო პოტენციალის შემცირებაზე. ვფიქრობ, რომ პოსტ-კორონა სამყაროში ქვეყნების კეთილდღეობის და ეკონომიკური სტაბილურობის განმსაზღვრელი აღარ უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რადგან გლობალური მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდება. შემცირდება არა იმიტომ, რომ ინდუსტრია ვერ გაქაჩავს, არამედ იმიტომ, რომ კაცობრიობა იტყვის უარს სამომხმარებლო “ბულემიაზე”. აგრესიულ მარკეტინგზე აგებული პროცესი აზრს დაკარგავს. წარმატების მთავარი განმსაზღვრელი იქნება არა მშპ-ს ზრდა, არამედ ბალანსი რეალურ, ბუნებრივ მოხმარებასა და საწარმოო პოტენციალს შორის. ეკონომიკა დაუბრუნდება თავის ბუნებრივ პარამეტრებს – ადამიანები მოიხმარებენ იმდენს, რამდენიც სჭირდებათ და არა იმდენს, რამდენიც შეუძლიათ…“– ამბობს გია ხუხაშვილი.