იტალიის ერთ–ერთი ყველაზე წონადი ძებნილი, განგსტერი როკო მორაბიტო რომში ჩაიყვანეს. მისი ექსტრადირება ბრაზილიიდან მოხდა, სადაც ის დიდი ხნის მანძილზე იმალებოდა.
55 წლის მორაბიტო ცნობილია, როგორც “მილანის კოკაინის მეფე“. ის ბრაზილიის და იტალიის პოლიციების ერთობლივი ოპერაციის დროს გასული წლის მაისში დააპატიმრეს. იტალიაში განგსტერი 30 წლიან პატიმრობას ციხეში მოიხდის ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით.
იტალიის მაფიის ერთ–ერთმა ბოსმა ძებნილობაში სამხრეთ ამერიკაში გაყალბებული დოკუმენტებით მრავალი წელი გაატარა.
ბოლოს და ბოლოს, გასულ წელს, პოლიციამ მის კვალს ჟუან–პესოაში, ბრაზილიის ჩრდილო–აღმოსავლეთის საპორტო ქალაქში მიაგნო, სადაც მაფიოზური დაჯგუფება “ნდრანგეტას“ წევრ ვინჩენცო პასკინოსთან ერთად დააკავა. ამ უკანასკნელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 17 წელი აქვს მისჯილი.
როკო მორაბიტოს რომში დაბრუნებით დასრულდა პოლიციის მიერ მისი დაკავების მცდელობის მრავალწლიანი ეპოპეა.
ის იტალიის სამხრეთით, კალაბრიაში ჯუზეპე მორაბიტოს ოჯახში დაიბადა, რომელიც ქალაქ აფრიკოში მაფიოზური დაჯგუფება “ნდრანგეტას“ ბოსი იყო. 2004 წელს ჯუზეპე დააპატიმრეს, შვილმა კი დაჯგუფების მართვის სადავეები აიღო.
დანაშაულებრივი ქსელი იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ კოკაინით უკანონო ვაჭრობის დიდ ნაწილს აკონტროლებდა.
ახალგაზრდობაში მორაბიტომ მილანში ნარკოტიკებით წარმატებული მოვაჭრის სახელი გაითქვა, დააორგანიზა კოკაინის კონტრაბანდის საკვანძო მარშრუტები სამხრეთ ამერიკიდან ამ იტალიურ ქალაქში.
ელეგანტურ პიჯაკებში გამოწყობილ მორაბიტოს ხშირად შეხვდებოდით ქალაქის ელიტარულ წვეულებებზე. მალე ის პოლიციის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რომელმაც მასზე თვალთვალი დააწესა.
შედეგად გამოვლინდა, როგორ ცდილობდა მორაბიტო სამხრეთ ამერიკიდან ტონაზე მეტი კოკაინის შეტანის გარიგების ორგანიზებას, თუმცა ამის შემდეგ მალევე მაფიოზი გაქრა. პოლიცია თვლის, რომ ის ბრაზილიაში გაიქცა, სადაც გამოგონილი სახელით და გვარით ცხოვრობდა.
იქიდან მეზობელ ურუგვაიში გადავიდა, სადაც კურორტ პუნტა–დელ–ესტეში 13 წელი ცხოვრობდა.
ურუგვაიში მორაბიტო მდიდრულ ვილას ქირაობდა, რომელსაც შემოქმედების ნიმუშები ამშვენებდა. მეზობლები ყვებიან, რომ ის მოკრძალებულ მანქანას მართავდა და არავის გასჩენია ეჭვი მისი სიმდიდრის შესახებ, სანამ ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად პომპეზური წვეულება არ მოაწყო.
გაქცეული განგსტერი კვლავ მოხვდა პოლიციის თვალთახედვის არეში, როცა შვილი სკოლაში მისი ნამდვილი სახელით და გვარით დაარეგისტრირა. 2017 წელს მან ცოლთან იჩხუბა და ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში სასტუმროში გადავიდა. სწორედ იქ მიაგნო პოლიციამ.
დაპატიმრების დროს მორაბიტოს პისტოლეტი, 13 მობილური ტელეფონი, პასპორტის 150 ფოტო უპოვნეს სხვადასხვა იმიჯით.
თუმცა, მალე ის ისევ თავისუფლებაზე აღმოჩნდა–ციხეში 2 წლის გატარების შემდეგ იტალიაში ექსტრადიციის მოლოდინში მორაბიტო სამ პატიმართან ერთად გაიქცა, სახურავში გაკეთებული ხვრელის საშუალებით.
საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც ინტერპოლი ხელმძღვანელობდა, ბოლოს და ბოლოს ის ქალაქ ჟუან–პესოას სასტუმროში იპოვნეს. გასულ კვირას ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ იტალიაში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.