“მათ შემოუშვეს ახლა უკვე ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც არიან საერთაშორისოდ სანქცირებული პირები და რომლებისთვისაც დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო. ვინ იქნება შემდეგი ამ ხელისუფლების პირობებში, თავად ლავროვი? რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ვის ველოდოთ საქართველოში შემდეგს? ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააინიციირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენ აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ დღეს ბიუროს სხდომაზე და ველით, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებული პირების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე”,
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს სადაც მოითხოვეს, დაუყოვნებლივ მოხდეს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც აკრძალავს სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას.