კიევის ოლქზე ღამის თავდასხმისას ვერც ერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა — უკრაინის შეიარაღებული ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ოთხშაბათის ღამეს რუსეთმა უკრაინას ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით — „ცირკონით“/„ონიქსით“, 24 ბალისტიკური რაკეტით — „ისკანდერ-M“-ით/S-400-ით და 115 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
„დარტყმის მთავარი მიმართულება კიევის ოლქი იყო“, — ნათქვამია დილის ანგარიშში.
განცხადებიდან ირკვევა, რომ ვერც ერთი რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 98 უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოაგდეს ან ჩაახშეს“. „დაფიქსირდა რაკეტებისა და 17 დამრტყმელი დრონის მოხვედრა 26 ლოკაციაზე, ასევე ნამსხვრევების ჩამოვარდნა“, — ნათქვამია განცხადებაში. თავდასხმა გრძელდება.
წუხელვე უკრაინამ ტულის ოლქში „Wildberries“-ის ლოგისტიკურ ობიექტს შეუტია. კომპანიამ განაცხადა, რომ ადგილზე ხანძარს აქრობენ. „ობიექტზე წინასწარ ჩატარდა ევაკუაცია“, — ნათქვამია განცხადებაში.
რეგიონის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 107 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო ერთ-ერთი დრონი „Wildberries“-ის დახარისხების ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მისი მონაცემებით, ტულის ოლქზე მასირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ეს 18 ივლისის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში „Wildberries“-ის საწყობებში გაჩენილი სულ მცირე მე-15 ხანძარია. წინა დღეს ძლიერი ხანძარი ლენინგრადის ოლქის დასახლება კრასნი ბორში მდებარე ლოგისტიკურ ობიექტზე გაჩნდა. სამშაბათს მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ ჩეხოვში საწყობში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ, აცხადებდა ხელისუფლება.




რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განახორციელა მასირებული დარტყმა „სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღითა და შორი მოქმედების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით“.
გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო უწყების განცხადების მიხედვით, ოდესის სამხრეთით სამი მშრალტვირთმზიდი გემი დაზიანდა. უკრაინულ მხარეს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.