სამწუხაროა, ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში – მელია ვაშაძეზე

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ყველას ბოლომდე ჯეერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია, თუ რას საუბრობენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილები.

“ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა, ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია რა გამოწვევაა ქვეყანაში, ეტყობა ყველა კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინ არ არის დიალოგის წინააღმდეგი, არცერთი ადამიანი, ვინც რუსთაველის გამზირზე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება პარალელურად მშვიდობიანი აქციებისა და დიალოგი გაიმართება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებასთან — აი ეს გამოწვევა გვაქვს”, — განაცხადა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძეს აქამდე პრესსამსახურის გვერდის ავლით განცხადება არასდროს გაუკეთებია და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მან ეს გააკეთა.

ცნობისთვის, დღეს გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ, რასაც მისივე თანაგუნდელების და სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.

ამის შემდეგ მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ, ოპოზიცია კი, თუ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, პარლამენტში არ უნდა შევიდეს.