ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად დაშავებული 45 ადამიანი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია, 279 მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ცეცხლი გუშინ, 26 ნოემბერს გაჩნდა. ხანძარი 7 შენობაში გავრცელდა. ამ დროისთვის 4 მათგანში ცეცხლი კონტროლირებადია.
ხანძრის გაჩენამდე კორპუსები ბამბუკის ხარაჩოებით იყო გარშემორტყმული და სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების მიხედვით, მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპლექსში რემონტი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავა – სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და საინჟინრო კონსულტანტი. ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი კორპუსების დამაკავშირებელი ბამბუკის ხარაჩოების დიდმა რაოდენობამ გაამწვავა.
ხანძარს უმაღლესი მეხუთე დონე მიენიჭა. მას 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.













