ადვოკატების თქმით, ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის მკვლელობის რისკი არსებობს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამის თქმით, არსებობს რისკი, რომ ყოფილ პრეზიდენტს გული გაუჩერდეს, რის გამოც ის არა ციხის საავადმყოფოში, არამედ მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

გვარამია განმარტავს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ კონსილიუმს არ განუხილავს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი, ეწინააღმდეგება თავად კონსილიუმის დასკვნას.

“ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნითვე განსაზღვრულ C კატეგორიის შერეულ, მულტიფუნქციურ კლინიკას. აქ არ არის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა – მაგნიტო რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფი და დოპლერი, რაც ჩაწერილია კონსილიუმის დასკვნაში. ამას გარდა, არსებობს ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, ეს არის გულის გაჩერების რისკი”,– ამბობს გვარამია.

ადვოკატის განმარტებით, ამ რისკზე საპასუხოდ, კლინიკაში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე – ინტერვენციული კარდიოლოგია, ანდიოკარდიოლოგიური ლაბორატორია და ა.შ, რაც ციხის კლინიკაში არ არის.

გარდა ამისა, გვარამია აღნიშნავს, რომ ციხის საავადმყოფო არ არის უსაფრთხო მიხეილ სააკაშვილისთვის.

“ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. მათ შორის უსაფრთხოების პრობლემების გამო სააკაშვილი არ უნდა იყოს გადაყვანილი ციხის სტაციონარში”,– აცხადებენ ადვოკატები.