აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არ ყოფილა – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს, რა იგულისხმა თავის განცხადებაში. მეგრელიშვილის თქმით, ჯაფარიძესთან დაპირისპირების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არ ეხება.

მეგრელიშვილის თქმით, ჯაფარიძესთან წლების განმავლობაში ურთიერთობა არ ჰქონია და ის დისტანცირებას ცდილობდა.

“მთავარი, რაც მე მაწუხებს არის, რომ სწრაფად გაირკვეს პრობლემა და ოთხივემ გავაგრძელოთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ჩემი პასუხი არის ის, რომ ზუსტად გავიგო რაში მდგომარეობს ამ წინადადების შინაარსი. მე მინდა, თითოეული პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ პარტიაში. არასოდეს არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე. რეალურად, სხვა მიზეზი მგონია და ეს უნდა დააზუსტოს ჯაფარიძემ. ეს ჩვენი დაპირისპირება არ ეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას. მე უამრავი კითხვა მაქვს, ჩვენ წლების განმავლობაში ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ეს საჯარო პოზიციონირებას არ ეხება. ის დისტანცირებას ცდილობდა ყოველთვის? კი, შესაძლოა, ასეც იყო”, – აცხადებს მეგრელიშვილი ფორმულასთან.

ცნობისთვის,ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა. ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” არ აპირებს.

სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა.