ამაზრზენია, 20 ივნისიდან 1 წელი არ გასულა, მისი შემოქმედი ტრიბუნიდან სიცილ-ხარხარით პოზირებს – ბოკუჩავა

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მაშინ, როცა 20 ივნისიდან 1 წელიც არ გასულა, მისი შემოქმედი გახარია კი საპარლამენტო ტრიბუნიდან პოზირებს, რაც ამაზრზენია.

,,პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ სრულიად ამაზრზენია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობს, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს”,- აცხადებს ბოკუჩავა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გახარიამ მის კითხვებს თავი აარიდა, რომელიც კორუფციას და ადამიანების დახმარებას ეხებოდა.

,,რაც შეეხება ჩემს კითხვებს, თქვენ გომელაურივით არ თვლემდით, მაგრამ, გამოგეპარათ, როგორც ჩანს, ასევე ჩემი კითხვების უმრავლესობა, მათ შორის დღეს მთვლემარე გომელაურს რომ 2 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული რემონტში და ავეჯში, მათ შორის ამ პანდემიის დროს, ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ ეს თუ არა? ასევე ღარიბაშვილზე გკითხეთ, გკითხეთ კორუმპირებულ კალაძეზე და ასევე, როცა ამბობთ, რომ დახმარებას მიიღებს მოსახლეობაო, ყველა, ვისაც სჭირდებაო, ეს არის მტკნარი სიცრუე იმიტომ, რომ 2 მილიონ 700 ათასი ადამიანი საერთოდ თქვენი დახმარების მიღმა დარჩა და რატომ არ გაეცით ეს დახმარება აქამდე? 25 მაისს გავცემთო, 25 მაისი იყო გუშინწინ, ბატონო გიორგი”,- უთხრა თინა ბოკუჩავამ პრემიერს.

დღეს 20 ივნისი გახარიას ელენე ხოშტარიამაც შეახსენა და უთხრა, რომ 20 ივნისიდან 1 წელი გადის და მაკო გომურმა ჯერაც არ იცის, ვინ ამოთხარა თვალი.