ამდენი ემოცია არც ერთ სვან კაცში მინახავს, როგორც ჩანს, ნაწყენია – წულუკიანი ჯაჭვლიანზე

ყოფილი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის მიერ ქართული ოცნების დატოვებას გამოემხურა. წულუკიანის თქმით, ჯაჭვლიანი “ნაწყენია და სამწუხაროა, რომ მან თავისი წყენის გამოხატვა იმ ხალხთან გადაწყვიტა, რომლებმაც რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა”.

წულუკიანს იმედი აქვს, რომ ჯაჭვლიანს “წყენა გადაუვლის და სხვანაირად ილაპარაკებს”.

“მე არ მგონია, რომ ბატონი სოსო ჩემთვის შორეული ადამიანია, ეს ცოტა უფრო პიროვნულ ნოტაზე ვსაუბრობ და არა მხოლოდ პოლიტიკურად, ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა საკუთარი წყენის გამოსახატად, რომელმაც მისივე მონაწილეობით, რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა ჩვენი დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ასეთ ხალხთან ბატონ სოსოს მოუნდა, რომ თავისი ხვაშიადი გამოეფინა საჯაროდ.

მე მინახავს სვანი კაცები, იმიტომ რომ მათში გავიზარდე, თუმცა ამდენი ემოცია არცერთში არ მინახავს. ის როგორც ჩანს არის ნაწყენი, გადაუვლის ეს წყენა და იმედია, რომ სხვანაირად ისაუბრებს”,-ამბობს წულუკიანი.

სოსო ჯაჭვლიანმა ქართული ოცნება გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ “ეს რეჟიმი უნდა წავიდეს”.