“ამერიკა არ აპირებს რუსი ოლიგარქებისთვის ქონების დაბრუნებას”-სალივანი

შეერთებული შტატები განაგრძობს მცდელობას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს სანქციებისთვის თავის არიდება. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს.

“მომავალი დღეების განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების საკითხზე”, – თქვა სალივანმა ვაშინგტონის ეკონომიკური კლუბის ფარგლებში მიცემული ინტერვიუსას. მისივე განმარტებით, მომავალ კვირებში მეტი იქნება ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ამერიკა ამ კუთხით მუშაობას, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, გეგმების შესახებ მეტი დეტალი სალივანს არ გაუმხელია.

თეთრი სახლის მრჩეველმა თქვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს პუტინთან დაკავშირებული ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას. “ჩვენი მიზანია, რომ ეს ქონება გამოვიყენოთ უკეთესი მიზნებით. მაგრამ მინდა, რომ ფრთხილად ვისაუბრო ამის შესახებ, რადგან ახლა მუშავდება პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. თუმცა, გარწმუნებთ, მიზანი არ არის, რომ ისინი შევინახოთ და შემდეგ უკან დავაბრუნოთ”.

სალივანის თქმითვე, ნებისმიერი ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესის შესაფერხებლად, ვითარებას გაამწვავებს. “ამერიკა არ მოქმედებს უკრაინის ტერიტორიის შეგნით, მაგრამ თუკი რუსები იერიშს მიიტანენ ნატოს ტერიტორიაზე, სადაც მასალები იწყობა, ეს მეხუთე მუხლის ამოქმედებას გამოიწვევს და სრულად შეცვლის ვითარებას”, – თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში.

წყარო: ამერიკის ხმა