“ამჟამად არის 100 000 დოზა, დამატებითი 500 000 დოზა ივნისში შემოვა”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ პარალელურად პირდაპირი გზით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მილიონ დოზა ფაიზერის ვაქცინაზე.
„სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა, ადმინისტრირებულია 6 ათასი და, თუ არ ვცდები, 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის.უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობას აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა – 250 პლუს 250. როცა ჯანმოს მიერ აღიარება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ განთავსდება კოვაქსზე და ქვეყნებს მიეწოდება ბევრად იაფად, ვიდრე პირდაპირი შესყიდვა ხდება. რაც შეეხება სხვა ვაქცინებს – ინფორმაციაა, რომ კოვაქსზე განთავსდება ნოვავაქსი, ჯონსონ&ჯონსონი, პირდაპირი მოლაპარაკებაა ფაიზერთან მილიონ დოზაზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.