ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში – ხუხაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

ექსპერტი გია ხუხაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული. მისი თქმით,საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან აღნიშნული საკითხი ისეთი მსხვილი მოთამაშეების საქმეა, როგორიც რუსეთი და თურქეთია.

„თავისთავად ეს განცხადება მისასალმებელია. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, რადგან უფრო მსხვილი მოთამაშეების საქმეა. ვფიქრობ, ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში. ჩვენ შეგვიძლია მოედანი შევთავაზოთ, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებ საკითხს, რომ რამენაირად კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. ტექნიკურად შეგვიძლია ეს ფუნქცია ვიკისროთ, მაგრამ საკითხი უფრო დიდი მოთამაშეების საქმეა“, – აცხადებს ხუხაშვილი.

„ასეთი კონფლიქტების მოგვარება დიდი მოთამაშეების მიერ ხდება. სამწუხაროდ, ამიერკავკასიის მოედანზე ჯერჯერობით ამ კონფლიქტთან დაკავშირებით აქტიური მოთამაშე რუსეთია, რომლის პროტექტორატის ქვეშ სომხეთი წლების განმავლობაში იყო და მეორე მხრივ – თურქეთი, რომლის ტანდემი აზერბაიჯანთან საყოველთაოდ ცნობილია. ევროკავშირს და აშშ-ს შეუძლია, შეშფოთდეს, (შეშფოთება ბევრი იქნება) მაგრამ რეალურად, კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ მათ შეუძლიათ. იმედი მაქვს, ომს ავცდებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგები სასარგებლო არ იქნება. რაღაც მომენტში კონფლიქტი შეჩერდება და ალბათ, სამშვიდობო მისიას უნდა ველოდოთ – ან ექსკლუზიურად რუსულს ან რუსულ-თურქულს. მე შეჩერების სხვა მექანიზმს ვერ ვხედავ. გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები დასხდებიან და ერთმანეთთან გარედან იძულების გარეშე საუბარს დაიწყებენ. ასეთი ზემოქმედება შეუძლია რუსეთს მოახდინოს სომხეთზე და თურქეთს-აზერბაიჯანზე. სხვა გასაღები არ არსებობს“,- აცხადებს ხუხაშვილი.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული.

„ვფიქრობ, ვითარების ესკალაცია რუსეთის მიერ არის წაქეზებული და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ სომხეთმა ფაშინიანის მოსვლის შემდეგ, დაიწყო პროდასავლური საუბრები, დემოკრატიაზე მსჯელობა, რაც რუსეთს ძალიან არ მოეწონა. ვფიქრობ, რუსეთმა ამ კონფლიქტის პროვოცირებით გადაწყვიტა აჩვენოს ვერსია, რა შეიძლება დაემართოს სომხეთს იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთის მფარველობაზე უარს იტყვიან. შესაბამისად, რუსეთის გეგმა ძალიან მარტივია – ერთი მხრივ, აზერბაიჯანის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდება, ის გარკვეულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, სომხეთს მოუწევს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება და ეს ყველაფერი განხორციელდება შესაბამისი სამშვიდობო მისიის ორგანიზებით ახალ გამყოფ ხაზზე. სად გაივლის ეს ხაზი, არ ვიცი“,- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.