არა – ჯაფარიძე კითხვაზე, შევიდოდა თუ არა უბარიერო სისტემის კენჭისყრაზე პარლამენტში

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება უბარიერო პროპორციულ არჩევნებს დაარეგისტრირებს, კენჭისყრაზე პარლამენტში არ მივა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ერთჯერადად მაინც შევიდოდა თუ არა კანონპროექტის მხარდასაჭერად, ჯაფარიძე პასუხობს:

“არა, მე ამ პარლამენტში არ შევდივარ. თვე–ნახევრის წინ განცხადება დავწერე, მანდატზე ვთქვი უარი და შესაბამისად, ამ მოწვევის პარლამენტთან ჩემი ურთიერთობა ამით დავასრულე. მიუხედავად იმისა, ამის შემდეგ კობახიძეები რას უყრიან კენჭს და სად დამავალებენ მე მუშაობას, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე დავამთავრე ეს პროცესი. მე ამ პარლამენტში არ მივალ არცერთ შემთხვევაში, მანდატი აღარ მაქვს, ფორმალურად მაქვს, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს, სრული სერიოზულობით ვთქვი უარი და გამოვხატე ჩემი ნება”,– თქვა ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა დრო, რომ დათმობაზე წასულიყვნენ, მაგრამ ეს დრო “გამაზეს”.

ცნობისთვის, გუშინ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციული სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, ამ კანონპროექტის კენჭისყრაზე პარლამენტში შევიდეს და მას მხარი დაუჭიროს.

მისი თქმით, ამით ქართული ოცნების კედელთან მიყენებას აპირებენ.